ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონის მიღებაზე. კომისარი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონი ძირს უთხრის სამსახურის დამოუკიდებლობას.
"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე, კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას", - ნათქვამია მიატოვიჩის განცხადებაში.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.
ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან.
ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. ამასთან, ის დეკრეტულ შვებულებაშია. მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო".
არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.
კანონპროექტი უკვე განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და ადამინის უფლებათა და საპროცედურო საკითხა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირეს.