logo
ENG



უმრავლესობის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

25 დეკ 202118:15
3 წუთის საკითხავი
clock 1144
2021/12/25/klgfunuho6tw0zm.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მის ბაზაზე სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა იგეგმება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"მოქმედი აქტების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობას შემდეგი სამი მიმართულებით ახორციელებს: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება", - განმარტებულია ინიციატივაში.

კანონპროექტის მიხედვით კი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი ბიუროს 28 დეკემბერს წარედგინება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.


close დახურვა