გერმანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ალექსეი ნავალნის ციხიდან განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ბრალდებით, 5 თებერვალს სამივე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
ევროკავშირის წევრი სამივე ქვეყანა დიპლომატების გამოსვლებში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მათი გაძევება მკაფიო შეურაცხყოფა იყო ევროკავშირისა და მისი მთავარი დიპლომატის მიმართ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად პრესკონფერენციას მართავდა, როდესაც დიპლომატების გაძევების შესახებ გახდა ცნობილი.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტი მოსკოვში თავიდანვე წინააღმდეგობრივი იყო, ვინაიდან უმაღლესი რანგის ევროპელი დიპლომატი კრემლს ნავალნის დაკავებიდან ორ დღეში ეწვია. ბორელმა ვიზიტი რუსეთთან, როგორც ევროპის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობების გაუმჯობესებით ახსნა, ისევე როგორც, შესაძლებლობით, პირისპირ გადაეცა რუსი ხელისუფალისთვის ნავალნის გათავისუფლების შესახებ ევროკავშირის მკაფიო პოზიციები.
თუმცა რამდენიმე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, განაცხადა, რომ ვიზიტი შეუფერებელ დროს შედგა. ბორელი ალექსეი ნავალნის არმონახულებისა და ლავროვთან გამართულ პრესკონფერენციაზე მისი განცხადებების გამოც გააკრიტიკეს.
საქმე ევროკავშირის წინააღმდეგ ლავროვის განცხადებებს ეხება, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს არასაიმედო მოკავშირე უწოდა და ევროპელ ლიდერებს ტყუილში დასდო ბრალი, ნავალნის მოწამვლის საქმეში რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე აპელირების გამო.
"ჩვენ შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი ცალმხრივი, უკანონო შეზღუდვების დაწესებას ცდილობს. ჩვენ სწორედ იმ დაშვებით გამოვდივართ ამ სცენაზე, რომ ევროკავშირი არასაიმედო პარტნიორია", - განაცხადა ლავროვმა.
ბორელმა ლავროვის პასუხად მხოლოდ ის განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები "საკმაოდ დაძაბულია" და რომ ნავალნის საქმე ამ მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე "უსიამოვნო შემადგენელია". მან რუსეთის საგარეო მინისტრთან წამოაყენა კიდეც ნავალნის მონახულების საკითხი, თუმცა ლავროვმა იგი რუსულ სასამართლოებთან გადაამისამართა.
გასულ კვირას რუსეთის სასამართლომ ნავალნის პრობაციის პირობების დარღვევის გამო 3 წლით პატიმრობა მიესაჯა. რუსი ოპოზიციონერი საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის გამო მკურნალობის შემდეგ გერმანიიდან დაბრუნებისას, აეროპორტში დააკავეს. საქმე, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ, მრავალი საერთაშორისო და საშინაო კონფლიქტის მიზეზი გახდა. რუსმა სამართალდამცველებმა ნავალნის მხარდამჭერ გამოსვლებზე 4 000-მდე დემონსტრანტი დააკავეს.
სამი ევროპელი დიპლომატის გაძევებამ კი საკითხების დიპლომატიური გზებით მოგვარება კიდევ უფრო გაართულა. მას შემდეგ, რაც 8 თებერვალს რუსეთმა დიპლომატების გაძევების შეჩერებაზე უარი განაცხადა, ევროპის სამმა ქვეყანამ მას ტრადიციული გზით უპასუხა და საპასუხოდ სამი რუსი დიპლომატი გააძევა.
დიპლომატების გაძევების შემდეგ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები საქმიანობას კანონიერების ფარგლებში ახორციელებდნენ და რომ მათი გაძევება უკანონო და უსამართლოა.
8 თებერვალს საღამოს რუსეთის საგარეო სპიკერმა მარია ზახაროვამ სამთავრობო ტელევიზიაში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება "გაუმართლებელი და არამეგობრული" ნაბიჯი იყო და ევროპული ქვეყნების საპასუხო ნაბიჯი რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.
"საკმაოდ კომპლექსური ვიზიტის" დასრულების შემდეგ, ბორელმა "გადაამოწმა, რამდენად იყო რუსეთი დაინტერესებული ქვეყნებს შორის განსხვავებების აღმოფხვრასა და გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებაში".
"რეაქცია, რომელიც მივიღე, მკაფიოდ სხვა პასუხს იძლევა", - განაცხადა მან, - "ევროკავშირი და რუსეთი უფრო და უფრო სცილდებიან ერთმანეთს. როგორც ჩანს, რუსეთი დემოკრატიულ პრინციპებს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს".
ვიზიტის შემდეგ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ბორელის გადაყენების საკითხის კი დააყენა, თუმცა ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა განაცხადა, რომ "ვიზიტის წარმატება-წარუმატებლოიბის საკითხი არ წყდება იმით, თუ რა მოხდება კონკრეტულ მომენტში".
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრები რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე დებატებს 22 თებერვალს გამართავენ და მარტში დაგეგმილ ევროპის საბჭოს სამიტზე განსახილველ სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმდებიან, რასაც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება შეიძლება მოყვეს.