მძიმე ორთაბრძოლის დასასრულს მსაჯის სასტვენი ისმის, ეიფორია გეუფლება, ვერაფერს გრძნობ, გგონია, რომ გაიმარჯვე, თუმცა მსაჯი ფრეს აფიქსირებს. მეორე დღეს ყველა კუნთი გტკივა. ხვდები, რომ ბრძოლა არ მოგიგია, თუმცა არც დამარცხებულხარ და რომ მთავარი ბრძოლა ისევ წინ არის.
გუშინ ეიფორიაში მყოფმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც დღეს თავისა და კუნთების ტკივილით გაიღვიძა. ვეჭვობ ორივეს საკუთარი თავი მოგებულად წარმოედგინა, თუმცა დღეს ალბათ ორივე ფიქრობს, რომ მთავარი ბრძოლა წინაა.
მოდით ცივი გონებით ავწონ-დავწონოთ, მართლაც ვინ მოიგო ან წააგო მიშელის შეთანმხებით? - ყველამ მოიგო და ასევე ყველამ წააგო. - "ეგ როგორო?” - იკითხავთ ალბათ. აი ასე:
ივანიშილმა მოიგო, რადგან ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანა შესრულებულია: ოცნებამ ხელისუფლება შეინარჩუნა, ოპოზიციაში ბზარი გააჩინა და კონსტრუქციულობისთვის დასავლეთიდან კომპლიმენტიც დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ნათლად დაინახეს, რას წარმოადგენს მმართველი ძალა, ისიც შეამჩნიეს, რომ ოცნებაში დათმობა და სახელმწიფოებრივად საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, მართალია ზეწოლის შედეგად, მაგრამ შეუძლიათ.
გაგიკვირდებათ და ოპოზიციამაც მოიგო, მართალია ოცნება ხელისუფლებიდან ვერ გაუშვა, თუმცა აიძულა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი მარშრუტზე დათანხმებულიყო. ბონუსად კი ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხიდან გამოაშვებინა (იმედია, ეს მალე მოხდება), რითაც აჩვენა, რომ მორალური უპირატესობა სწორედაც რომ ოპოზიციის მხარესაა. 6 თვეში გამოჩნდება რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელ გზას მართლა არჩევნებამდე მივყავართ თუ ოცნების ამჯერად 3 წლიან მმართველობამდე.
მოიგო ნაცმოძრაობამაც. მიუხედავად იმისა, რომ მასში აზრთა სხვადასხვაობა და მოგვიანებით ბზარებიც კი გაჩნდა, ამ პარტიამ არა მარტო სახე შეინარჩუნა, აჩვენა, რომ სიდიდესთან და პრინციპულობასთნ ერთად - მოქნილი პოლიტიკური ძალაა.
მელიამ, როგორც პოლიტიკოსმა და როგორც ოპოზიციური ფლანგზე უალტერნატოვო ლიდერმა, თავისი პირველი პოლიტიკური შედეგი დადო. სწორედ მისმა თავგანწირვამ და პრინციპულობამ გამოიწვია პროცესში დასავლეთის ამ დოზით ჩართვა, ოცნების უკანდახევა და შეთანხმების მიღწევა. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიხეილ სააკაშილმაც, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, რითაც ერთის მხრივ ნაცმოძრაობა ქუჩაში მარტო დარჩენას და გარდაუვალ მარგინალიზაციას თუ არა, უკიდურეს რადიკალიზაციას გადაარჩინა. მეორეს მხრივ კი, დანარჩენ ოპოზიციასთან ხიდი ბოლომდე არ დაწვა, რაც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი ოპოზიცური ფრონტის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
მინიმუმ მოკლევადიან პერსპექტივაში მოიგეს პოლიტიკურ ველზე ახლად გამოჩენილმა მცირე ზომის ოპოზიცურმა პარტიებმაც, რომელთაც საპარლამენტო ტრიბუნა, საკანონმდებლო რესურსები, უცხოურ დელეგაციებში მონაწილეობა, სტაბილური სახელმწიფო დაფინანსება, საკუთარი დღის წესრიგის გამოკვეთისა და რაც მთავარია - პარტიული იდენტობის ფორმირების საშუალება მიეცემათ. თუმცა, მათ დიდი გამოწვევაც ელით, რადგან ეჭვი მაქვს ნაცმოძრაობა აღარავის შეიამხანაგებს, ხოლო ოცნებას ადგილობრივ არჩევნებში 43%-იანი ბარიერის გადალახვის რთული ამოცანა უდგას, რისთვისაც ის დიდი ალბათობით პოლიტიკურ მოედანს კვლავ ორპოლუსიანი დაპირისპირების სივრცედ აქცევს. სააკაშვილის ანონსირებული ჩამოსვლის შემდეგ ეს ხაზი პროპაგანდისტულად ბევრისთვის კვლავ დამაჯერებელი გახდება. ორ პოლიტიკურ გოლიათს შორის მოქცეულ მცირე პარტიებს კი, თუ მათ გამსხვილება ვერ შეძლეს, ნამდვილად რთული დღე ელით.
მოიგო ევროპამ და ზოგადად დასავლეთმა, რომელმაც დაუმტკიცა საკუთარ თავსაც და მსოფლიოს, რომ კრიზისების მოგვარება შეუძლია, და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ პროექტს, რომელიც სერიოზული დარტყმის ქვეშ დადგა, მომავალი მაინც აქვს.
პარადოქსია მაგრამ, მოიგო მოსკოვმაც, რომელმაც საქართველოში შეინარჩუნა ხელისუფლება, რომელიც არც მას გააღიზიანებს და არც ანაკლიის პორტს ააშენებს; მომავალი კრიზისების გამომწვევი ბერკეტები კი კვლავაც მის ხელში დარჩება.
თუმცა, შეთანხმებით ყველაზე მეტად მოგებული მაინც საქართველო, როგორც სახელმწიფო და მისი მოსახლეობა დარჩა. შარლ მიშელის გეგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარების გზამკვლევია, განხორციელების შემთხვევაში საქართველოს თვისობრივად უკეთეს სახელმწიფოდ აქცევს და განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. უკიდურესი პოლარიზაციის, ყოველდღიურობად ქცეული გამოხატული სიძულვილის, მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების და უკიდურესად დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებშიც კი საქართველომ დაამტკიცა, რომ შეთანმხება გარდაუვალია, თუ ეს დასავლეთისა და რაც მთავარია საკუთარი მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაა. რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველოს აქვს ევროპული ტიპის ცივილიზებულ სახელმწიფოდ ქცევის პერსპექტივა, თუმცა იქამდე ძალიან გრძელი და წინააღმდეგობრივი გზაა.
ჯამში ყველამ მოიგო რაღაც, თუმცა არა იმდენი, რამდენის მოგებაც სურდა და შეეძლო. ასევე ყველამ წააგო რაღაც, თუმცა იმაზე ბევრად ნაკლები რისი წაგებაც შესაძლებელი იყო. სწორედ ეს არის ევროპული პოლიტიკის ის მოდელი, რისკენაც შარლ მიშელის დოკუმენტს მიზანმიმართულად მივყავართ: სადაც გამაჯვებულს არ მიაქვს ყველაფერი - დამარცხებული კი არ ნადგურედება; და სადაც პოლიტიკა გლადიატორების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აღარ არის.