პარტია ევროპული საქართველო ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის 10-პუნქტიან ხედვას ავრცელებს.
- ევროპული საქართველოს აზრით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნების მიღწევა და არჩევნების გზით ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხებაა.
- მათი აზრით, საზიანოა და ამომრჩეველში უიმედობას იწვევს გზავნილი, რომ არჩევნები გაუქმდა და ცვლილებები მხოლოდ არასაარჩევნო გზით შეიძლება მიიღწეს.
- ევროპული საქართველო ასევე მცდარად, ალოგიკურად და საზიანოდ მიიჩნევს გზავნილს, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებაა რეჟიმის დამარცხების წინაპირობა. მათი აზრით, სინამდვილეში, პირიქითაა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ივანიშვილის დასუსტებასა და დამარცხებაზე გადის.
- პარტია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების რეჟიმის ბოლო ვადის დათქმა, გარდა იმისა, რომ მცდარი და საზიანოა, საზოგადოებაში არარეალისტურ მოლოდინებსაც ქმნის. საზოგადოების იმედგაცრუება კი რეჟიმს კვებავს.
- "მცდარი და საზიანოა ოპოზიცია მოქმედებდეს მესიანისტური და ეთნო-რელიგიური პოპულიზმით, მათ შორის, საპატრიარქოს პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით. ამ გზით, ივანიშვილის რეჟიმთან შეჯიბრი პრინციპულად მიუღებელია და პრაგმატულად უშედეგო" - წერია განცხადებაში.
- განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ავტორიტარული რეჟიმისთვის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის იძულებასა და მათ დამარცხებას დიდი უმრავლესობა სჭირდება. არასაარჩევნო გზით ცვლილებას კი ამაზე ბევრად დიდი მხარდაჭერის გარდა, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის პერმანენტული პროტესტისთვის მზადყოფნაც სჭირდება.
- ევროპული საქართველოს აზრით, იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას მხარი ბევრმა მოქალაქემ დაუჭიროს და დასავლეთიც დარწმუნდეს ქვეყანაში არსებული კრიზისის სერიოზულობაში, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიული პროცესის სიმულაცია არალეგიტიმურ პარლამენტში.
- "საპარლამენტო ოპოზიცია, მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად შევიდა. ქართულმა ოცნებამ, არსებითად, ყველა პირობა დაარღვია. ღიად რჩება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი. თუ წლის ბოლომდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაამტკიცა, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. ამ ნაბიჯის გარეშე, პროტესტი თანმიმდევრული ვერ იქნება. არათანმიმდევრულობა ჩვენთვის შეუძლებელს ხდის ოპოზიციის კოორდინირებულ საპროტესტო მოქმედებებს" - აცხადებს ევროპული საქართველო.
- პოლიტიკურ პროცესსა და საპროტესტო აქციებში საზოგადოების სხვადასხვა შრის მეტი წარმომადგენლის ჩასართავად, ევროპული საქართველოს აზრით, აუცილებელია, ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი გაფართოვდეს და მოიცვას ის საკითხებიც, რომელიც პირდაპირ ეხებათ მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ქვეყანაში პანდემიური მდგომარეობა უმართავია და მზარდი ინფლაციის გამო სასიცოცხლო პროდუქტების ფასები კატასტროფულადაა გაზრდილი.
- პარტია ევროპული საქართველო აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიციის მოქმედებდეს დასავლური ღირებულებებითა და დემოკრატიული დღის წესრიგით მოქმედება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხის გაზრდის წინაპირობა მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს.