logo
ENG



ევროსაბჭოს მომხსენებლები: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველომ სრულად არ შეასრულა

09 ოქტ 202018:42
3 წუთის საკითხავი
 
1qqhe9e1l9kf8au.jpg

ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხზე საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატენი და კლაუდ კერნი საერთო სასამართლოების შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დღეს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან. 

თანამომხსენებლები სინანულით აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე, რის გამოც, ვენეციის კომისიის დასკვნაში მოყვანილი რამდენიმე საკვანძო რეკომენდაცია და საკითხი განახლებულ კანონმდებლობაში არ აისახა. 

თანამომხსენებლები განსაკუთრებით ორ საკითხს გამოყოფენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან და ხმისმიმცემი საბჭოს წევრების სახელების საჯაროობასთან დაკავშირებით. 

გთავაზობთ განცხადებას სრულად: 

"ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი რეკომენდაციით, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო შესწორებების შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრება ითხოვა. ეს უზრუნველყოფდა იმას, რომ კანონმდებლობის წინა ვერსიასთან ვენეციის კომისიის პრეტენზიები და რეკომენდაციები სრულად შესრულდებოდა.

თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნით ნათელი ხდება, რომ ეს ასე არ მოხდა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია სინანული გამოვხატოთ იმის გამო, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის დადებამდე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები. 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია ვენეციის კომისიის ყოფილი მოსაზრებებიდან, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებებისთვის არგუმენტაციის თანდართვასთან დაკავშირებით, შესრულდა, რამდენიმე საკვანძო საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. ეს განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების და ხმის მიცემისა და საბჭოს წევრთა სახელების გასაჯაროვების საკითხს ეხება.

ეს რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეიქმნას ადეკვატური საკანონმდებლო ბაზა, ისეთი სენსიტიური საკითხის გადაჭრისთვის, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა საქართველოში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაცხადებულად უერთგულონ ვენეციის კომისიის დანარჩენ რეკომენდაციებს, ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საერთო სასამართლოების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა. 

დასკვნის მიხედვით, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაში გათვალისწინებულია რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ხმის მიცემის დროს არგუმენტირებული დასაბუთების თანდართვას მოითხოვს. ასევე გათვალისწინებულია რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის ფარულობა გაუქმდა. 

თუმცა კანონპროექტში პარლამენტმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მოთხოვნა, საჯარო გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ვის აძლევს ხმას მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.

დამტკიცებული შესწორებები კრიტიკულად შეაფასა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც, რომელმაც განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ფრაგმენტულად კონცენტრირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარკვეულ ასპექტებზე და კვლავ გადაუჭრელი რჩება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაციები პროცესის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი პრესმდივანიც. მან ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე მიღებულ ცვლილებებს "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" უწოდა, რათა ხელისუფლებას ხალხის მეტი ნდობა მოეპოვებინა მართლმსაჯულების მიმართ.


close დახურვა