ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი, 182 შემთხვევიდან, 129 შემთხვევა აჭარას უკავშირდება, მათგან 114 ბათუმში გამოვლინდა, 11 ქობულეთში, 3 ქედაში, ერთი კი შუახევში.
ასევე, ეზუგბაიას თქმით, დღეის მდგომარეობით თბილისში კორონავირუსის 34 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში 11, ქვემო-ქართლში 4, გურიაში 3, კახეთში - 1.
"აჭარა არის 129, აქედან ბათუმი გახლავთ 114. 11 გახლავთ ქობულეთი, 3 ქედა და ერთი არის შუახევი. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში 11, ქვემო-ქართლში არის 4, გურიაში 3 და კახეთში 1" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე კორონავირუსზე მკურნალობას 1657 პაციენტი გადის, მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა.
ეზუგბაიას თქმით, 17 სექტემბრის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსზე 13 226 ტესტი ჩატარდა.
დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1435 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.