ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადებით, აჭარაში საავადმყოფოების დამატება იგეგმება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ორ საავადმყოფოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და დღის ბოლოს გაირკვევა რომელი საავადმყოფო რამდენი დამატებითი საწოლის გამოყოფას შეძლებს.
"კომუნიკაცია გვაქვს აჭარის საავადმყოფოებთან და დღის ბოლოს გვექნება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი საავადმყოფო რამდენ დამატებით საწოლს გამოყოფს ამ მიზნებისთვის. ორ საავადმყოფოსთან გვაქვს კომუნიკაცია, ერთთან, როგორც დამატების კომპონენტში, მეორესთან, როგორც სრულად ჩართვის კომპონენტში", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში COVID-19-ის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა - 350, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან აჭარის რეგიონში 487 შემთხვევა დადასტურდა.
NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 8 463 PCR ტესტი ჩატარდა.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.