logo
ENG



ეკა ბესელია პრეზიდენტს: ხელისუფლებამ უკან უნდა დაიხიოს

24 ნოე 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
o0q3ooncd5b8k5i.jpg

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ „ფორმულასთან“ ხვალ დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვალინდელი აქცია მნიშვნელოვანია, რადგან საჭიროა ხელისუფლებამ იგრძნოს ხალხის მხრიდან მუდმივი პროტესტი.

„ხვალ აქცია იგეგმება 19:00 საათზე პარლამენტთან და იქნება ხალხის, ჩვენი მოსახლეობის, იმ ადამაინების სიმრავლე, რომელთაც უნდათ ცვლილებები, რომელთაც უნდათ, შეცვალონ ეს რეალობა, რომელიც ახლა მიგვაქანებს პოლიტიკური კრიზისისკენ, და ქვეყანას უქმნის ძალიან დიდ პოლიტიკურ საფრთხეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს ხალხის მხრიდან მუდმივი პროტესტი, რომ არ შეიძლება ასე მოიქცე და არ შეიძლება არ იფიქრო იმ კომპრომისულ გზაზე, რომელიც უბრალოდ გავალდებულებს შეასრულო დანაპირები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ ასევე ისაუბრა ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე და მათ სამომავლო გეგმებზე, ბესელიას თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის მთვარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

„ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი მოთხოვნა არის ის რომ, ხელისუფლებამ დაიხიოს უკან და შეასრულოს თავისი ვალდებულება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს, ამას ითხოვს ყველა აბსოლიტურად ყველა პოლიტიკური ძალა, ითხოვს სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ ასევე გვექნება შიდა საუბარი საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად დღის წესრიგში დგას ასევე საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ საარჩევნო პირობებში ჩააყენებს, ეს არის მთავარი ამოცანა, რომ შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომლებიც გამოვლინდა ბოლო არჩევნების დროს როგორც ხარვეზები. ეს პერმანენტული აქტივობები, პროტესტის სხვადასხვა კერა მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ შეუძლებელია ვერ დაინახოს ხელისუფლებამ, რომ ძალიან მძიმე რეალობა შექმნა თავად და პროცესი პარლამენტიდან გადმოიტანა ქუჩაში, მაშინ როცა გონიერი ხელისუფალი ცდილობს, რომ ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანოს ეს პროცესი“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ ასევე კომენტარი გააკეთა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც ყველას მოუწოდა, რომ ამ პროცესებიდან გამოსავალი მოეძებნა. ეკა ბესელიას თქმით, ოპოზიციას ყველანაირი გამოსავალი ნაპოვნი აქვს და მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მათ გაერთიანება მაინც შეძლეს. მისივე თქმით, ახლა მთავარია ხელისუფლებამ გააცნობიეროს წარმოქმნილი პრობლემა.

„ჩვენ გამოსავალიც ნაპოვნი გვაქვს, გზაც ნაპოვნი გვაქვს, არც ის იყო პრობლემა, მიუხედავად ბევრი განსხვავებებისა ჩვენს პოლიტიკურ ძალებს შორის, გვეპოვა საერთო მოთხოვნების ირგვლივ ერთიანი პოზიციის შესაძლებლობა, ასე რომ, ყველაფერი ნაპოვნი აქვს ოპოზიციას, ახლა ხელისუფლებამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ გააცნობიეროს და რაციონალურად შეხედოს წარმოქმნილ პრობლემას“, - განაცხადა ბესელიამ.


close დახურვა