ექსპერტები საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას კატასტროფულად აფასებენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უნდა წარმოადგინოს ეკონომიკური სტიმულირების გეგმა, რადგან შექმნილმა ვითარებამ, შესაძლოა უმუშევრობის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.
"უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ეკონომიკის ასე დაზიანება კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება კორონავირუსის შედეგებს. შეიძლება 300 ათასზე აგვივარდეს უმუშევრობის დონე, ძალიან ბევრი კომპანია გაკოტრდება, მასობრივი დეპრესია დაიწყება", - განაცხადა ექსპერტმა გიგა ბედინეიშვილმა.
კიდევ ერთი ექსპერტის ირაკლი ყიფიანის აზრით, აუცილებელია ბიუჯეტიდან 2 მილიარდამდე ლარის მობილიზება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით უნდა მოხდეს.
"კორონავირუსის გამო გამოწვეული ეკონომიკური შოკი რეალურად არის ის მთავარი რისკი, რომელმაც შეიძლება ეკონომიკა შეიყვანოს ჩიხში. ამიტომ დღეს უნდა გვქონდეს ის გეგმა, რითაც შევძლებთ ეკონომიკის ფეხზე დაყენება. აქ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის რესურსის მობილიზებაზე მთავრობის მხრიდან. პირველი რესურსი არის მთავრობის ხარჯის მობილიზება. ეს არ ნიშნავს ადამიანების სახლში გაშვებას, რადგან ეს პროცესი ურტყამს ყველას, საჯარო მოხელესაც და ჩვეულებრივ მოქალაქესაც", - აღნიშნა ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ფიქსირდება. ხელისუფლება ლარის დევალვაციას კორონავირუსის და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. გარდა ამისა, 21 მარტს ხელისუფლებამ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალური რეჟიმი საქართველოში 21 აპრილამდე იმოქმედებს. საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფონზე ყველა დაწესებულებას, გარდა სასურსათე ობიექტებისა და აფთიაქებისა, დაკეტვა მოუწია.