მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ქართულ ოცნებას და ენმ-ს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და ამბობს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ორი გაჯიუტებული მხარეა.
"ქვეყანას სჭირდება არა კუნთების თამაში და ერთმანეთისთვის მაგარი ბიჭობის დამტკიცება, არამედ კომპრომისი. კი არ უნდა ვიპოლიტიკანოთ, არამედ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. სანამ მართლა გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულში. და აგერ უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა. სანამ გადაჩეხილა უფსკრულში, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს".
დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მომხდარის გამო, ოპოზიციის ლიდერებმა 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.