პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე საუბრისას, ქართულ ოცნებას შეახსენა, რომ "პროცესების ჩიხში შესვლაზე" აფრთხილებდა მათ.
ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას მიმართა, რომ ისინი მიხელ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებაში ეხმარებიან, რათა შემდეგ "ყველა დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს".
"ზუსტად 2 დღის წინ, ამ დარბაზში, ქართულ ოცნებას მოგიწოდეთ, რომ არ მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის. ვამბობდით, რომ პარლამენტი დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელდება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს პროცესები ჩიხშია შესული, ვხედავთ რა ხდება ქუჩაში, პრინციპში, არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ჩვენ გთხოვდით და მოგიწოდებდით, უფრო მეტი პასუხისმნგებლობა და ამ ქვეყნის სიყვარული გამოგევლინათ და არ მიგეღოთ ის გადაწყვეტილება მაშინ. [...]
სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ეხმარებით, რომ თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანში, ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს მეგის ქარდავა. ეს გინდათ როგორც ჩანს", - თქვა ელისაშვილმა.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.
ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.