logo
ENG



ელჩი: გვაწუხებს ანტიდემოკრატიული ქმედებები, ნეგატიური რიტორიკა - გვსურს, ერთად ვიმუშაოთ

01 აგვ 202419:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/y4wawtfutou9swq.jpg

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანმა მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება რუსული კანონის, "ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედებისა და აშშ-სა და დასავლეთის შესახებ ცრუ ნარატივის" გამო მიიღო.

ელჩი ამბობს, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას, ასევე, გაგრძელდება აშშ-ის დახმარება თავდაცვის ძალების მიმართაც.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა პირვანდელ კურსს დაუბრუნდეს. ის ამბობს, რომ აშშ მზად არის ურთიერთობის აღდგენისთვის და სურს, გაგრძელდეს ერთად მუშაობა, რათა მოხდეს ხალხის მისწრაფების რეალიზება და საქართველო გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი.

"ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები ვართ. 33 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად დავეხმარეთ სკოლებისა და კლინიკების აშენებაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას საქართველოს ხალხისთვის.

თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს - ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ.

როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი.

ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი. Გმადლობთ", - ამბობს ელჩი. 

აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს

ენტონი ბლინკენის თანახმად, ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.


close დახურვა