საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ "მთავრობა, ოპოზიცია, განსაკუთრებით კი ცესკო უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას".
ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი და ჰქონდეს წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე.
"შემდგომი თვეების მანძილზე მზად ვართ, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროკავშირის 9 პირობის შესრულებაში, გქონდეთ წინსვლა ამ გზაზე. შეერთებული შტატები მზად არის, იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა სეგმენტთან და გვსურს, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა სფეროს და ასპექტს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გავაკეთე იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში და ვისაუბრე საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს, რომ საქართველოს უკეთ დაეხმაროს. ვიზიტისას მხარი დავუჭირე საქართველო-NATO-ს მისწრაფებებს.
წელს ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელი გაქვთ, რომელიც იმედი გვაქვს, რომ წაადგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზეც და დარწმუნებული ვარ, რომ იაზრებთ ჩემს მოსაზრებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე. იაზრებთ ყველა თქვენგანი - პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით კი ცესკო უზრუნველყოფთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება სათანადოდ, სამართლიანად და გამჭვირვალედ დათვლილი და პროცესიც იქნება მთლიანად სამართლიანი და გამჭვირვალე", - განაცხადა რობინ დანიგანმა.