ქართველი ემიგრანტები საქართველოში გერმანიის ელჩს კიდევ ერთ წერილს უგზავნიან და მის პასუხს პასუხობენ.
ჰუბერტ ქნირშს გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა პირველი წერილი 3 მარტს მისწერეს და სთხოვეს მას, ხელისუფლებისთვის "შეთანხმების ურყევი პატივიმისცემისკენ" მკაფიოდ მოეწოდებინა. საქართველოს მოქალაქეებმა შეშფოთება გამოხატეს ბოლო დროის მოვლენების გამო, ნიკა მელიას დაკავების და ვითარების უკიდურესი ესკალაციის ჩათვლით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
პასუხად ჰუბერტ ქნირშა წერილის ავტორებს ხელისუფლების მხარდამჭერების პოლიტიკური არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდა.
"ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“. - თქვა ელჩმა.
სწორედ მის ამ განცხადებებს უპასუხეს კიდევ ერთი წერილით ქართველმნა ემიგრანტება.
მათი თქმით, მაღალი მოლოდინები აქვთ ელჩის მისიისა და როლის თაობაზე.
"ბატონო ელჩო, თქვენ მოგვიწოდეთ ირონიით არ ვისაუბროთ ოლიგარქიულ მმართველობაზე და პატივი ვცეთ მმართველი პარტიის ამომრჩეველს. ჩვენ განსხვავებული აზრის ქონის უფლებას აღვიქვამთ დემოკრატიის საბაზისო პრინციპად, მით უმეტეს, ვსარგებლობთ რა გერმანიაში ცხოვრების გამოცდილებით, სადაც განსხვავებული აზრის ქონა მიიჩნევა მრავალფეროვნებად, ხოლო ჩვენს სამშობლოში განსხვავებული აზრის ქონა გამოყენებულია სიძულვილის ენის ობიექტად მმართველი პარტიის წევრი პოლიტიკოსების მიერ. პოლარიზაციის მაჩვენებელი პოლიტიკურ სივრცეში უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა საქართველოში. ჩვენი აზრით, ამის მიზეზი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელწიფო ინსტიტუტების მიტაცება და ოპოზიციური პარტიებისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების არც ერთი ბერკეტის არ მიცემაა. თქვენი ინსინუაცია "ოლიგარქიულ მმართველობაზე" ფრთხილად საუბრის შესახებ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ თქვენ გამოგრჩათ, რომელმა მხარემ გადაკვეთა წითელი ხაზები ქართულ პოლიტიკაში.
აი წითელი ხაზები, რომელიც მმართველმა პარტიამ გადაკვეთა:
- საქართველოში პოლიტიკური მმართველობა სამართლის ჩარჩოებში არ მოქმედებს.
- სასამართლო არის პოლიტიზირებული.
- პოლიტიკური ინსტიტუტები არის გამოყენებული ოპონენტების დევნის წინააღმდეგ.
- ხელისუფლების ქმედებები არ კონტროლდება კონსტიტუციით და კანონით, რისი მაგალითი იყო უკანონო საარჩევნო მანიპულაციებით უკანასკნელი არჩევნების გაყალბება.
საქართველო კარგი მაგალითია იმისათვის, თუ როგორ შეიძლება, ოლიგარქმა დემოკრატიული მმართველობა საკუთარი უსაფრთხოების გამყარებისა და ქონების გაზრდის იარაღად გამოიყენოს. ამის შედეგად კი ქართული სახელმწიფო კოლაფსის პირას იმყოფება.
იმისთვის, რომ ქვეყანაში შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და ქართულ სახელმწიფო კოლაფსისგან დავიცვათ, აუცილებელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბატონი მიშელის მიერ წარდგენილი 6-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა შესრულდეს და მხარეები შეთანხმდნენ სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმაზე, ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასა და პოლიტპატიმრების; გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლებაზე.
იმედი გვაქვს თქვენი ჩართულობის და პოზიტიური როლის ამ კრიზისის მოგვარებაში". - ნათქვამია წერილში.