logo
ENG



ენერგოატომი: რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს

01 ოქტ 202212:34
3 წუთის საკითხავი
 

ენერგოატომის ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი, იგორ მურაშოვი გუშინ, 30 სექტემბერს დააკავეს.

„პარასკევს, 2022 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, სადგურიდან ენერგოდარისკენ მიმავალ მიმავალ გზაზე რაშისტულმა პატრულმა დააკავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი. მანქანა გააჩერეს, თვითონ კი ძალით დააკავეს და თვალდახუჭული წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ამ დროისთვის, იგორ მურაშოვის ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება,“ - თქვა ენერგოატომის ხელმძღვანელმა.

კოტინის თქმით, მურაშოვს მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე. ენერგოატომის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ იგორ მურაშოვის დაკავება უკრაინისა და ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის სახიფათოა. ამასთან, კოტინი რუსულ ძალებს ქარხნის ხელმძღვანელობისა და პერსონალის მიმართ ბირთვული ტერორისტული აქტების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსული ძალების კონტროლის ქვეშაა. ამ დროიდან მოყოლებული, ელექტროსადგურის უკრაინელ ინჟინრებს რუსების ზედამხედველობის ქვეშ უწევთ მუშაობა.

25 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეჩერდა. მოგვიანებით, 11 სექტემბერს აღნიშნული შემთხვევა ისევ განმეორდა. ენერგოატომმა განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგური სწორედ რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზიანდა.  


close დახურვა