logo
ENG



ენმ ისანში გიორგი ვაშაძის მხარდაჭერის ნაცვლად საკუთარი კანდიდატის დაყენებას განიხილავს

19 აგვ 202020:25
3 წუთის საკითხავი
clock 2138

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს პარტიის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. ფორმულას ინფორმაციით, შეხვედრაზე ტელეფონის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთო. საუბარი ისნის ოლქში საკუთარი პარტიის წარმომადგენლის მაჟორიტარობის კანდიდატად დაყენებას ეხებოდა. 

ისანში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ნაწილს ერთიანი კანდიდატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჰყავს წარდგენილი. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები ფორმულასთან საუბრისას არ უარყოფენ, რომ დღევანდელი შეხვედრის თემა, სხვა საკითხებთან ერთად, ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება იყო, თუმცა, მათი თქმით, ამ დროისთივს საბოლოო გადაწვყეტილება მიღებული არ არის. 

ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე ფორმულასთან აცხადებს, რომ ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენების საკითხი ამომრჩევლებში არსებულმა უკმაყოფილებამ წამოწია. 

"სრულიად გულწრფელად გეტყვით, ის, რომ ჩვენს ამომრჩეველს ნამდვილად აწუხებს ის, რომ ისანი, სადაც ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია ძლიერად არის წარმოდგენილი, არ გვყავს ჩვენი საკუთარი კანდიდატი. ეს წუხილები არსებობს პარტიის ამომრჩევლებში, პირველად არ ვაჟღერებთ ჩვენ ამ ინფორმაციას, მაგრამ რაც შეეხება მაჟორიტარულ კანდიდატს, ჯერჯერობით არავითარი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

მსჯელობის საგანი იყო იმიტომ, რომ ასეთი გულისწუხილი ამომრჩევლების მხრიდან როდესაც მოდის, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს არა მხოლოდ შტაბზე განვიხილოთ, არამედ განვიხილოთ, მათ შორის, პოლიტსაბჭოს ფორმატში", - განაცხადა დეკანოიძემ

კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა თავად ხატია დეკანოიძე ისნის ოლქში კანდიდატად, პარტიის წევრი პასუხობს: 

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა, არც გენერალური და არც მაჟორიტარებზე. ჩვენი მთავარი კონკურენტი არის ქართული ოცნება და მათი ყველა კანდიდატი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს დეკანოიძე. 

ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენების შესახებ მოლაპარაკებებს არ უარყოფს პარტიის წევრი თინათინ ბოკუჩავაც

"ძალიან მოულოდნელი იყო გიორგი ვაშაძის ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა ცოტა ხნით ადრე, როდესაც ის გავიდა "ძალა ერთობაშია" ერთობიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამიტომ, ვნახოთ. მიმდინარეობს კონსულტაციები პარტიაში. ჩვენთვის უმთავრესი არის ის, რომ გვყავდეს კანდიდატები, რომლებიც გაიმარჯვებენ და უზრუნველყოფენ იმას, რომ დასრულდეს ივანიშვილის რეჟიმი", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

ენმ-ის წევრი ლევან ბეჟუაშვილი კი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის მიერ გადადგმულმა ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა, მასთან პოლიტიკურ ალიანსში ყოფნა შეუძლებელი გახადა.  

"გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით, იცით, რომ მან დაარღვია მოლაპარაკებები, რომელიც "ძალა ერთობაშია" იყო და აბსოლუტურად სულ სხვა პოზიცია დაიკავა პოლიტიკურად ენმ-სთან და გაერთიანებულ ოპოზიციასთან მიმართებით. კონკრეტული შეუთანხმებლობა უკავშირდება მის, როგორც პრემიერმინისტრის კანდიდატად აუცილებლად დასახელებას, ასევე იმ კვოტებს, რომლებიც საპარლამენტო სიაში უნდა მოეთხოვა მას.

ამიტომ, როდესაც ადამიანი აქცენტს აკეთებს არა ერთიანობაზე, არამედ თანამდებობებზე და სიაში კვოტების გადანაწილებაზე, მასთან გარკვეული ალიანსი გამორიცხული იქნებოდა", - უთხრა ფორმულას ბეჟუაშვილმა.

დღეის მდგომარეობით, ოპოზიციურ პარტიების ნაწილს თბილისის 8-ვე ოლქში ერთიანი კანდიდატები ჰყავთ წარდგენილი. 


close დახურვა