„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს - ფრაქციის წარმომადგენლები პირველ მოსმენას არ დაესწრებიან.
როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველო“ პირველი მოსმენის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, მათი განცხადებით, მეორე და მესამე მოსმენებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუკი გიორგი რურუა გათავისუფლდება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცდეს, პროექტს 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.