„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
ამასთან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ეპიდემია ზაფხულისთვის გადაივლის.
„ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულისთვის უკვე ეპიდემია გადაივლის და შესაბამისად მოხერხდება. არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად სტანდარტულ გარემოში. შესაბამისად, (ამომრჩევლის) აქტივობაზე ეს არ უნდა აისახოს“, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არც იმას გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა და საერთო სტატისტიკამ 40 ადამიანს მიაღწია.