თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას.
მისი თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ხელს უშლის.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს გამწვავდა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.
ფაშინიანმა მალევე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალივვს თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.
ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრები და რუსეთი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს სიტუაციის დეესკალაციას.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.