თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია. ამის შესახებ ის ტელეარხ NTV-ს ესაუბრა.
"არ მიმაჩნია უკრაინაში რუსეთის შეჭრა რეალისტურ მიდგომად, რადგან უკრაინა არაა ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა", - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ აიტანს და ასეთი ნაბიჯი არასწორი იქნება:
"რა თქმა უნდა, ეს საკითხი ვლადიმერ პუტინთან ერთად უნდა განვიხილოთ".
NATO-ს წევრი თურქეთი კარგ ურთიერთობებშია როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან, თუმცა არ იზიარებს რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში, ასევე, ყირიმის ანექსიას.
ნოემბერში ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი შეასრულოს. გარდა ამისა, ანკარაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვითარებას ვერ მოაგვარებს.