თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრისგან დაზარალებულ 10 პროვინციაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
"კატასტროფის ზონად გამოვაცხადეთ 10 პროვინცია, სადაც მიწისძვრა მოხდა. იმისათვის, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უპრობლემოდ განხორციელდეს, გადავწყვიტეთ, საგანგებო მდგომარეობა 10 პროვინციაში 3 თვით დავაწესოთ, კონსტიტუციის 119-ე მუხლის შესაბამისად", - წერს ერდოღანი Twitter-ზე.
Depremin yaşandığı 10 ilimizi genel hayata etkili afet bölgesi olarak ilan ediyoruz.
Arama-kurtarma faaliyetlerinin ve sonrasındaki çalışmaların süratle yürütülebilmesini temin için, Anayasa’nın 119’uncu maddesi uyarınca 10 ilimizde 3 ay Olağanüstü Hal ilan etme kararı aldık.
თურქეთისა და სირიის საზღვარზე 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში სულ მცირე 4 890 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაიღუპა 3 381 ადამიანი, დაშავებულია კი 20 ათასზე მეტი. კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ორჰან ტატარის თქმით, დაზიანებულია სულ მცირე 11 ათასი შენობა. ადგილზე 25 ათასზე მაშველი მუშაობს. მისივე განცხადებით, სამაშველო ოპერაციებისთვის 10 გემსა და 54 საჰაერო ტრანსპორტს იყენებენ.
ამავე დროს, სირიაში ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 1 509-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 3 500 მოქალაქე.
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 100-მდე ბიძგი მოჰყვა, სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა.
სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.
იაპონიის განცხადებით, თურქეთში სამაშველო ჯგუფს გაგზავნის. მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.