logo
ENG



ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო ხედვის პრეზენტაცია გამართა

04 სექ 202418:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/04/qcawhamr3kea749.jpg

ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ ყვარელში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახლში საარჩევნო ხედვის პრეზენტაცია გამართა. ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მათი 5 პრიორიტეტი დაასახელა, კერძოდ:

  • ევროკავშირიში გაწევრიანება;
  • შემოსავლების ზრდა;
  • პენსიონერების დაცვა;
  • ძლიერი ოჯახი;
  • ფასების მონოპოლიის დასრულება. 

ბოკუჩავას განცხადებით, ამოძრავებთ იდეა, რომ საქართველო საკუთარი უნიკალურობით გახდეს ევროპის ცივილური ოჯახის წევრი. მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე გააუქმებენ რუსულ კანონს. 

"ჩვენი თაობის მთავარი მისია არის ამ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ბოლომდე მიყვანა. გპირდებით, 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ნაციონალური მოძრაობა კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული, სრულფასოვანი წევრი.

გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან საქართველოს ეხსნება უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები, მათ შორის, წვდომა 14-მილიარდიან ევროპულ ფონდზე. ჩვენ გავაფორმებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აშშ-სთან და აუცილებლად მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის", - ამბობს ბოკუჩავა. 

რაც შეეხება მეორე პრიორიტეტს, ბოკუჩავას თქმით, ეს იქნება დასაქმება და მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა მოქალაქეებისთვის.

"ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მოვიარე საქართველო, ვიმყოფებოდი რეგიონებში. მთაში თუ ზღვაზე, რეგიონებში თუ ქალაქებში, სოფლებში თუ დაბებში, ყველგან ვნახე უკიდურესი გაჭირვება, უმუშევრობა, სიღატაკე. დღესდღეობით საქართველოს ნახევარ მილიონი მოქალაქე, ფაქტობრივად, უმუშევარია, რადგან წარმოუდგენელია 300 ან 600-ლარიანი ანაზღაურება ხელფასად ჩავთვალოთ. განა, ოცნების რომელიმე ჩინოვნიკი შეძლებდა ოჯახის რჩენას 300, 600, ან თუნდაც 1000-ლარიანი ხელფასით?

[...] მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მოვსპობთ კორუფციას და თავისუფალი და სამართლიანი ბაზრის პირობებში, გავაჯანსაღებთ ეკონომიკას. საშუალო ხელფასი ყველა დასაქმებულისთვის უნდა გაუტოლდეს 3500 ლარს", - თქვა ბოკუჩავამ. 

კოალიციის კიდევ ერთი პრიორიტეტი, პენსიონერების დაცვაა. ბოკუჩავამ აღნიშნავს, რომ უკიდურესი უთანასწორობისა და ბიძინა ივანიშვილის საბანკო დიქტატურის პირობებში, პენსიონერები 4-ჯერ მეტ საბანკო ტვირთს ატარებენ. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, გააუქმებენ საპენსიო სესხებსა და კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, პენსიების გაზრდაზე იმუშავებენ, რომლის ოდენობაც 1000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამასთან, ბოკუჩავას თქმით, გეგმავენ, შექმნან სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც პენსიონერებისთვის აუცილებელ სარეცეპტო მედიკამენტებს დააფინანსებენ. 

ბოკუჩავა მეოთხე პრიორიტეტად ქართული ოჯახის გაძლიერებას ასახელებს. 

"სამი შვილის დედამ ძალიან კარგად ვიცი, რამხელა ფინანსური ტვირთია ოჯახისთვის ბავშვის დაბადება. ახალი სიცოცხლის სიხარული უნდა დავუბრუნოთ ქართულ ოჯახებს. დემოგრაფიული კატასტროფა, რომლის მსგავსი საქართველოს 90-იანი წლების წყვდიადშიც კი არ გამოუცდია, ჩვენ ფინანსურ მხარდაჭერას შევთავაზებთ ყველა საჭიროების მქონე ოჯახს ახალშობილთათვის, უფასო კვებას დავნერგავთ ყველა სკოლაში", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

მისივე თქმით, დიდ ინვესტიციას ჩადებენ საერთო საცხოვრებლების მშენებლობაში, ხოლო საქართველოში ემიგრანტების დასაბრუნებლად, ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მილიარდიანი ფონდი შეიქმნება. 

ბოლო პრიორიტეტად კოალიცია საქართველოში ფასების მაფიის დამარცხებას ასახელებს, რომელიც, ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილთან დაკავშირებულ კლანებმა შეძლეს. 

"პატარა და საშუალო ბიზნესის შევიწროებითა და გაგუდვით ივანიშვილმა შექმნა სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიზნეს-მოპოპოლიები ყველა სფეროში, რომლებიც ხელოვნურად ზრდიან ფასებს საკუთარი გამდიდრებისთვის [...] გადავდგამთ გამბედავ ნაბიჯებს კონკურენტული საბაზრო პირობების აღსადგენად, რაც გააჩენს ახალ, უფრო ხელმისაწვდომ და ხარისხიან ალტერნატივებს ყველა სფეროში", - აღნიშნა ბოკუჩავამ. 

 

 

 

close დახურვა