ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაანონსებული აქციის დაწყებამდე ნახევარი საათი დარჩა. მთავრობას საგაზაფხულო სესიის ჩატარება პიკეტირებისა და სირცხვილის კორიდორის ფონზე მოუწევს. აქციის ორგანიზატორები უკვე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და პროტესტის დასაწყებად ემზადებიან.
"შეცვალეს" ერთ-ერთი წევრის თქმით, დღეს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური კლიმატია, რის გამოც პროტესტი აუცილებელია. შესაბამისად, სამოქალაქო აქტივისტები დანებებას არ აპირებენ და ამ გზით გეგმავენ, რომ საკუთარი ხმა დასავლეთს გააგონონ.
"აქციის მთავარი მიზანია ის, რომ ივანიშვილი ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა და ქვეყანაში დიქტატურის დამყარება სურს. ვხედავთ უმძიმეს სოციალურ ფონს და პარალელურად ივანიშვილის მონებს გააზრებულიც არ აქვთ, რამდენად რთულ ვითარებაშია დღეს სახელმწიფო. ივანიშვილს სურს, რომ ადამიანებმა იცხოვროს სიბნელეში, რასაც ჩვენ არ შევეგუებით. ამ ბრძოლაში ივანიშვილი დამარცხდება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ხელისუფლების გონიერების არ გვჯერა. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ივანიშვილს, დასავლეთს და ამიტომ არ გვეშინია",-აცხადებს აქციის მონაწილე.
"სირცხვილიას" წევრის გიგა მაქარაშვილის თქმით, ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება და მთავარია "ქართული ოცნების" წასვლა მშვიდობიანი გზით მოხდეს.
"ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირების მოლოდინი არ გვაქვს, რადგან მუდმივად ფატალურ შედეგებზე არიან ორიენტირებულნი. მიუხედავად პროტესტისა, "ქართული ოცნება" მსგავსი ღობეებით ცდილობს პრობლემა დამალოს. რეალურად კი საზოგადოება გაიზარდა და ხედავს ყველა პრობლემას რაც ნებისმიერ სფეროშია. ესაა ოცნების დასრულების შეუქცევადი პროცესი. უბრალოდ აქ საკითხი დგას, რამდენად ძვირი დაგვიჯდება ეს ყველაფერი ჩვენ. მთავარი ქვეყანა ძალიან არ დაზარალდეს",-აცხადებს მაქარაშვილი.
აქციას უკვე უერთდებიან პოლიტიკოსები. მათ შორისაა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომლის განმარტებითაც ოპოზიცია ერთიანია და დანებაბას არ აპირებს.
"არ ვაპირებთ შევეგუოთ ივანიშვილმა მოგვიპაროს ქვეყანა, ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი მოთხოვნის მიღება - პროპორციული არჩევნები. ეს საჭიროა, რათა დასრულდეს უსამართლობა და მომავალში კვლავ ერთი ადამიანის ხელში არ ჩავარდეს ძალაუფლება. არ ვაპირებთ შევეგოთ საბჭოთა-ბოლშევიკური მმართველობას",-აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.