„ეს არის ცალკეული ინიციატივა და ვფიქრობ, რომ ტოლობის ნიშნის გავლება ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის არასწორია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა, აშშ-ის კონგრესის მეირ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება და დღითიდღე უფრო მეტად მტკიცე ხდება.
„მე მინდა შეგახსენოთ ბოლო დროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. თუნდაც ღია ცის ქვეშ ხელშეკრულების დატოვების საფუძველი ამერიკის მხრიდან. ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება, ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის. სულ ცოტა ხნის წინ ასევე ვნახეთ, საქართველოს ისტორიაში პირველად, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერა იყო ორივე პალატის მიერ. ასე რომ მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ დღითიდღე ეს ურთიერთობები გახდება კიდევ უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს შეაჩეროს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციასთან ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას ოპოზიციშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მომხდარი ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობის ბრალია.