logo
ENG



სამადაშვილი აშშ-ს მიერ დაფინანსების გაყინვაზე: კონგრესი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს

07 ივლ 202012:27
3 წუთის საკითხავი
clock 704

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის დახმარების 15 პროცენტს  იქამდე არ გასცემს, სანამ  ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, საქართველოსთვის აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერება, პანდემიის ფონზე ქვეყანას საფრთხეს უქმნის. სამადაშვილის თქმით, მომხდარი ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობის ბრალია.

„ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოში არის ასევე უმძიმესი კრიზისი, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვართ დამოკიდებული ვიდრე ოდესმე, დახმარებას დასავლეთიდან, დახმარებას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან. მე მინდა ვთქვა, რომ 30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული მოკავშირეებისგან. დღეს უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს ამერიკის კონგრესი, როდესაც ორივე პარტიის, როგორ რესპუბლიკური პარტიის, ასევე დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით, აწესებს უკვე შეიძლება ითქვას, სანქციას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცენდენტო კორუფციის მასშტაბმა, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ივანიშვილმა, შეუძლებელი გახადა დახმარების მიტანა ადამიანებამდე. მე მინდა დღეს კიდევ ერთხელ ვთქვა ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და მისი გასტუმრება, მშვიდობიანი არჩევნების გზით არის ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლის საქმე“,-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესი საქართველოს გამოყოფილი დაფინანსების 15%-ს უჩერებს მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.

6 ივლისს კი დარეგისტრირდა ცვლილებები ორ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. 

მამუკა მდინარაძის ინიციატივით, მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება წლის ბოლომდე უნდა გაუგრძელდეს.

ხოლო მარეგულირებელ კომისიას, შესაძლოა, უფლება მიეცეს ლიცენზირებულ სუბიექტებში მმართველები დანიშნოს.


close დახურვა