logo
ENG



ეს ტყუილია, ჩვენ პარტიას პირადი შემოსავლებით ვაფინანსებ - ვაშაძე სამადაშვილს პასუხობს

27 ივლ 202022:28
3 წუთის საკითხავი
 
qt4tcpg8awqbm85.jpg

"ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი", - ასე აფასებს ახალი პოლიტიკური პლატფორმის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. 

ვაშაძის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ოპოზიციური ლიდერის მიმართ, არის "ტალახის სროლა", რომელიც მმართველ გუნდს ადგება. 

"ოპოზიციის მხრიდან ტალახის სროლა სხვა ოპოზიციურ ლიდერზე ეს არის ის საქმე, რაც უნდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე არ ვაპირებ, რომ ვუპასუხო ქალბატონს [სალომე სამადაშვილს], რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, მით უმეტეს, რომ ეს არ არის პარტიის პოზიცია. ყველას ვურჩევ, რომ რაციონალურად შევხედოთ პროცესს", - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

სოფო ზურაბიანის კითხვაზე - ვინ აფინანსებს პოლიტიკოსს, ვაშაძე ამბობს, რომ ის საკუთარ თავს პირადად აფინანსებს. 

"ეს საკითხი, ჭორიკნული სტანდარტით, პირველად არ დასმულა. ამ თემას ატრიალებს ნებისმიერი, როცა უნდა. რაც შეეხება ჩემს დაფინანსებას, ჩვენი პარტია არის კვალიფიციური და აქამდე ამით მოვდიოდით. არის ჩემი პირადი შემოსავლები და შეგიძლიათ ნახოთ, რომ საექსპერტო საქმიანობით ძალიან დიდი შემოსავალი მაქვს. ნახავთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ აფინანსებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში". 

შეგახსენებთ, რომ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს

აღნიშნულ საკითხს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა გიორგი ვაშაძის საქმიანობის ხელშემწყობი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. 


close დახურვა