logo
ENG



ეს ჩემთვის უკიდურესად მძიმეა - გახარია უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

19 მაი 202017:58
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებებს და ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და მომავალს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, ისევე როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას, მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში, ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ეს ქვეყანა და დღევანდელი მთავრობა ამისთვის აკეთებს ყველაზე მეტს, ვიდრე აქამდე გაკეთებულა“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, გახარიას თქმით, ოპონენტები პირადი სარგებლის მისაღებად ამ საკითხით სპეკულირებენ.

შეწყალებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ან ადამიანმა რომელმაც 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ იმის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს ამით რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე. კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ უყურებენ ვიღაც პრივილეგირებულ პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს. თუმცა, რა თქმა უნდა პრეზიდენტს შეწყალების ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა