ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს. დოკუმენტი სახელწოდებით – „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ – ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, ინიციატივით მომზადდა.
რეზოლუციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ანგარიშებში არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დარღვევებია აღნიშნული.
დოკუმენტში ასევე საუბარია 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევებზე, მათ შორის, საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნებზე, ხმებით მანიპულირებაზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ ცნობებსა და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლაზე.
რეზოლუციაში კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოში მიღებული კანონები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე აცხადებს, რომ შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციით, რაც, მათი შეფასებით, არათანაბარ საარჩევნო გარემოს ქმნის და საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას ამცირებს.
დოკუმენტში დაგმობილია ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებები და შევიწროება. ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ის პირები, რომლებსაც საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.
რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც, დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს, ჩაატაროს 2024 და 2025 წლების არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების სრულყოფილი გამოძიება და გაატაროს სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის გასაძლიერებელი რეფორმები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობა დემოკრატიული სტანდარტების აღდგენის მიზნით და არ აღიაროს იმ არჩევნების შედეგები, რომლებსაც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებად არ შეაფასებენ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია 4-8 ივლისს ჰააგაში გაიმართა, სადაც „ჰააგის დეკლარაციის“ მიღება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
