საქართველო ეუთოს 2027 წლის თავმჯდომარეობისთვის საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენას გეგმავს, თუმცა ევროკავშირი ამ ეტაპზე კვიპროსის კანდიდატურას უჭერს მხარს.
როგორც Rapporteur-ი წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის ეუთოს წევრ 57 ქვეყანასთან ითანამშრომლოს თავმჯდომარეობის მოსაპოვებლად.
ეუთოს 2027 წლის თავმჯდომარეობაზე ამ დროისთვის ოფიციალური კანდიდატი მხოლოდ კვიპროსია, რომლის კანდიდატურას ევროკავშირის ქვეყნების ფართო მხარდაჭერა აქვს. გამოცემის ინფორმაციით, მის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს, რის გამოც ორგანიზაციაში კონსენსუსი ვერ შედგა.
Rapporteur-ის კითხვაზე, კვლავ უჭერს თუ არა ევროკავშირი მხარს კვიპროსს და განიხილავს თუ არა ალტერნატიულ კანდიდატს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა კრისტიან ვიგანდმა პირველ კითხვაზე „დიახ“, ხოლო მეორეზე „არა“ უპასუხა.
ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხი საბოლოოდ შესაძლოა 3-4 დეკემბერს, ლუგანოში დაგეგმილ მინისტერიალზე გადაწყდეს. გამოცემის ცნობით, თავმჯდომარეობისთვის სერბეთიც განიხილავს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.
