logo
ENG



ექთანი სააკაშვილზე: უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა, ბოლოს ეტლით მივიყვანე საპირფარეშომდე

01 თებ 202315:09
3 წუთის საკითხავი
 

კლინიკა ვივა მედის ექთანმა ქეთი ღვინიანიძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც ექითანმა თქვა, მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროს გადაადგილება უჭირს, რამდენჯერმე კი საპირფარეშომდე ეტლით მიყვანა ითხოვა.

ღვინიანიძე ასევე ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ შეუძლია დამოუკიდებლად ჩაცმა და უჭირს მკლავის აწევა.

"ბოლო დროს გადაადგილდება დამხმარე ჯოხით [დასაყრდენი გადასაადგილებელი] და ახლა ბოლო მორიგეობაზე ეტლით მიმაყვანინა თავი საპირფარეშომდე, უჭირს გადაადგილება. მე როცა ვარ ასე ხდება ხოლმე, სხვა დროს არ ვიცი...

თავიდან არ უჭირდა [დამოუკიდებლად ჩაცმა], ბოლო ორი თვეა უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა და ვეხმარებით. მე და ჩვენს მედდებსაც გვირჩევნია, რომ ჩვენ მივაცილოთ საპირფარეშომდე ან სადმე, რომ არ მოხდეს ვარდნა. თვითონაც აღნიშნავს, რომ თავბრუ ეხვევა და ვარდება. ჩვენ არ დაგვინახავს ეს"- თქვა ღვინიანიძემ.

***

6 დეკემბერს გამოქვეყნებულ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-4 ხარისხის კახექსია დაუდგინდა და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

სააკაშვილის ოჯახის ცნობით, ის ახლა 68 კილოგრამს იწონის. გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დაკარგა გონება. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ.

სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები, ექიმები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

2 დეკემბერს გასაჯაროვდა ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს. 

ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.

სმიტის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე მეტალებსა და სხვა აგენტებს შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. 

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა