logo
ENG



ევროპარლამენტის რეზოლუცია: სანქციები ივანიშვილს, სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლება

14 დეკ 202217:45
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო. შედგენილ რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას პოლარიზაციის მაღალი დონის გამო და დოკუმენტში საუბრობს ოლიგარქიულ გავლენებზე, ანტიდასავლურ თავდასხმებზე, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და პოლიტიზებულ სასამართლოზე. დოკუმენტში ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს გამოიყენოს კონსტიტუციური პრეროგატივა ამ საკითხის მოსაგვარებლად. 
 
ევროპარლამენტის რეზოლუციის #2 შესწორებაში, რომელიც რეზოლუციის 13-ე პუნქტს ეხება, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენიებული. პირველად ტექსტში მას ყოფილი პრემიერმინისტრად მოიხსენიებენ, მიღებულ შესწორებაში კი მას ოლიგარქს უწოდებენ, და საქართველოს რეკომენდაციას აძლევენ, რომ პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში მის გავლენებს სხვადასხვა რეფორმით ებრძოლონ.
 
"ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში პირადი ინტერესებზე დაყრდნობილი ჭარბი გავლების აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც ეს ევროკომისიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრა საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მიღების პირობად. რეკომენდაციას აძლევს, რომ აღმოფხვრან ინტერესებზე დაფუძნებული ჭარბი გავლენა, განსაკუთრებით ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, სისტემური გზით სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გავლით ქვეყნის სხვადასხვა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაში." - წერია #2 შესწორებაში.
 
25 შესწორების მიხედვით კი ამ პუნქტს დაემატა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების შესახებ.
"კვლავ მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის ივანიშვილისა და ყველა იმ ინდივიდისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე." - წერია შესწორებაში.
 
კიდევ ერთ #5 შესწორებაში კი საუბარია ივანიშვილის სავარაუდო კავშირებზე რუსეთთან. ევროპარლამენტის თქმით, შეშფოთებულები არიან საქართველოს გავლით დასავლეთის სანქციების გვერდის ავლის შესახებ ცნობებზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს, ევროკავშირის ინსტიტუციებს, რომ დეტალურად განიხილონ ეს ცნობები, განსაკუთრებით ივანიშვილის შესახებ და დადასტურების შემთხვევაში მას და მის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესდეთ.
 
"[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსი ხალხი და ორგანიზაციები, ცნობების მიხედვით, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს, რომ დეტალურად განიხილონ ეს ბრალდებები და კონკრეტულად სხვადასხვა ცნობები, მაშ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე. იმ შემთხვევაში თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, მოუწოდებს პერსონალური სანქციების დაწესებას მისი და მისი ახლო გარემოცვისადმი; შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მისი ახლო გარემოცვას, ვინც რუსეთისადმი საქართველოს ამჟამინდელი ბუნდოვანი პოზიციის უკან დგას, კრემლთან კავშირების გამო უკრაინამ სანქციები დაუწესა; ამ კუთხით, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც მოიცავს კრიტერიუმების ახალ სიას, რაც ევროკავშირისთვის შესაძლებელს გახდის იმ ადამიანების სანქცირებას, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლით სანქციების აკრძალვის დარღვევას" - წერია მე-5 შესწორებაში.
 
ასევე დოკუმენტში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი. ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 
 
"ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დოქტორი დევიდ ე. სმიტის, M.D. & Associates-ის ტოქსიკოლოგიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელმაც დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოვლენილი მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მის ჯანმრთელობის სწრაფად დაქვეითებას; იმეორებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველყოფაში; იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მას სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება."- წერია მე-7 შესწორებაში. 
 
27-ე შეწროებაში კი ევროპარლამენტი მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს ნიკა გვარამია. 
 
"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს ნიკა გვარამია."- წერია შესწორებაში.
 

 


close დახურვა