სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შაქარაშვილის საქმეზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. გვამის გაშეშებასთან დაკავშირებით უწყება ამბობს, რომ დასკვნაში ტექნიკური შეცდომა არ ყოფილა.
ისინი დასაშვებად მიიჩნევენ გვამის გაშეშების შენარჩუნებას ორ დღეზე მეტხანს, დაბალ ტემპერატურაზე.
დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით, კითხვები არ მოხსნილა. კვლავ გაუგებარია, რატომ არ ჩაუტარდა გვამს კომპიუტერული ტომოგრაფია, როცა ამას საერთაშორისო სტანდარტი კარნახობს გამოძიებას.
ექსპერტებს კითხვებს უჩენს გარემოებაც, რატომ არ ჩატარდა წყლის ანალიზი და მთავარი, - რატომ არ ჩაწერეს სპეციალისტებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ზუსტი დრო.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.
სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.
დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ექსპერტიზაში არსებული ჩანაწერი ყველა კუნთზე გაშეშების შესახებ მიანიშნებს გარდაცვალების სავარაუდო დროზე. კერძოდ, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გაშეშება სხეულზე ადასტურებს, რომ გარდაცვალებიდან 48 საათიც არაა გასული.
დასკვნაში ამ ჩანაწერს გამოეხმაურა ალექსანდრე გეჯაძე და განაცხადა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. თუმცა დასკვნის შემდგენმა სამხარაულის ბიურომ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი არ იყო შეცდომა.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება.