logo
ENG



ვარკეთილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლები არ გააშლევინეს

18 თებ 202210:09
3 წუთის საკითხავი
 

ვარკეთილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლები არ გააშლევინეს. ადგილზე დილიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

გარემოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ვაჭრობაა და მისი აკრძალვის შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე რჩებიან.

თბილისის მერია მათ ალტერნატიულ ადგილად ბაზრის ტერიტორიას სთავაზობს, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ დახლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ.

"რომელ ვაჭრობაზეა ლაპარაკი? სული ამოგვხადეს.. ვერ ვისუნთქებთ საქართველოში., ამიტომ, იძულებული ვართ წავიდეთ საქართველოში, რომ ბავშვები არ დაგვეხოცოს. ხედს ვამახინჯებთ, თბილისის ქუჩებს ვამახინჯებთ, გარე გამწვანება უნდა გააკეთონ თურმე, რომ ქალაქი უყოს ლამაზი, რომელ სილამაზეზეა ლაპარაკი, როცა ადამიანს პურის ფული არ აქვს?" - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის მტკიცებით კი, მეტროს ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მოვაჭრეები დახლებს ვერ გაშლიან.

"აქ როგორ უნდა დადგე? გადათხრილია, მიდის სამშენებლო სამუშაოები. ქუჩის რეაბილიტაცია ხდება. სადაც მიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქ ვერ დადგებიან. აგერ არის ბაზარი, რომელიც ახალი გარემონტებულია. ბაზრის დირექციასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა გამგეობა და ყველაფერი დაკავშირებულია ამათ შორის", - ამბობს მერიის წარმომადგენელი.

26 იანვარს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სამგორის გამგეობას დაავალა, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეები სავაჭრო სივრცეებში გადაიყვანონ, რადგან "ფეხით გადაადგილება დისკომფორტია". მერის თქმით, ამ თემაზე "ბევრი უკმაყოფილო მოქალაქის შეტყობინება მიიღეს". 

კალაძემ თანამშრომლებს მიმართა, დღესვე დაიწყონ გარემოვაჭრეებთან კომუნიკაცია და მისცენ მათ გონივრული ვადა.

 


close დახურვა