logo
ENG



ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად 45 წლის დავით ივანოვი არის დაკავებული

05 ივნ 202020:10
3 წუთის საკითხავი
clock 343

რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა სპეცოპერაცია ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსი სამართალდამცველების ალყაში იყო მოქცეული, ადგილზე მიიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი და ჯავშანტექნიკა. ასეთი მობილიზაცია დაჭირდა პოლიციას ნასვამი კაცის გასანეიტრალებლად, რომელმაც სანადირო თოფი რამდენჯერმე გაისროლა.

თითქმის 5-საათიანი სპეცოპერაცია დავით ივანოვის ჩაბარებით დასრულდა. 45 წლის მამაკაცი რომელმაც ოჯახური კონფლიქტის შემდეგ სავარაუდოდ სანადირო თოფიდან ოჯახის წევრთა დასაშინებლად უმისამართოდ ისროდა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ივანოვის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემდეგ მეუღლემ და ორმა შვილმა, სახლიდან გამოღწევა შეძლეს. ისინი სამართალდამცავებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. შეიარაღებული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში საცხოვრებელ ბინაში გამოკეტილი იყო. მის ასაყვანად სამართალდამცველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული, ადგილზე მიიყვანეს სპეცტექნიკაც, თუმცა მისი გამოყენება საჭირო არ გახდა. 

სპეცოპერაციის დასრულებამდე შუამთის 22 ნომერის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. მოსახლეობას, რომელიც შეიარაღებული მამაკაცის მეზობლად ცხოვრობდა, შენობაში არც შესვლის და არც გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. შექმნილი ვითარების გამო კორპუსის მეზობლად მცხოვრებმა პირებმა საკუთარი სურვილით ტერიტორია დატოვეს. 

დავით ივანოვის მეზობლები და თვითმხილველები, ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მამაკაცი იარაღს იყენებს. 2018 წელს ცოლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ივანოვზე შემაკავებელი ორდერიც გაიცა. ივანოვი ნადირობის მოყვარულია, ამიტომ მეზობლები შიშობდნენ, რომ მას რამდენიმე იარაღი ჰქონოდა.

შუამთის 22 ნომერში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სავარაუდოდ უკვე გაიჩხრიკა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ნასვამი მამაკაცი იყო გამოკეტილი. იყო თუ არა რეგისტრირებული იარაღი რომლითაც მან ისარგებლა, უცნობია. შსს ჯერ არც იმას ამბობს, თუ რა მუხლით დაიყო გამოძიება.


close დახურვა