"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამო გაჩერებული ეკონომიკა ყოველდღიურად 100 მილიონი ლარით ზარალდება.
ვაშაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზარალმა 4 მილიარდი ლარი შეადგინა. პოლიტიკოსმა მმართველი გუნდი ეკონომიკის ხელოვნურად გაჩერებაშიც დაადანაშაულა. ვაშაძის შეფასებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ფარატინა ფურცელია, რადგან მოსახლეობა, მისი მტკიცებით, დახმარების მიღებას მხოლოდ, მაისის ბოლოდან შეძლებს.
"სწორედ თქვენი დანაშაულებრივი ქმედების გამო ჩვენ უკვე 2 თვეა ველოდებით ტესტებს ქვეყანაშ, ვრცელდება ვირუსი და 4 მილიარდი ლარი უკვე დაკარგა ქართულმა ეკონომიკამ. ყოველდღე საქართველო ღარიბდება 100 მილიონი ლარით. დღეს ასევე გავიგეთ, რომ პარასკევს წარმოდგენილი ფარატინა ფურცლები [ანტიკრიზისული გეგმა], ის დახმარებების კი, როგორც ჩანს მაისის ბოლოდან დაიწყება. ყოველ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასე განაცხადა. ანუ ერთი მხრივ სერიოზული პრობლემაა ჯანმრთელობის კუთხით, რომელიც შეგვიქმნეს და მეორე - შიმშილისთვის გაწირვა მოსახლეობის. ამის მიზანი ერთადერთია - ხელისუფლების შენარჩუნება და პროცესის გაწელვა არჩევნებამდე, რომ საქართველოს მოსახლეობის ზედამხედველები იყოთ. ყველაფერს აქვს საზღვარი. არ შეიძლება მთელი მოსახლეობა იყოს მსხვერპლი თქვენი უკიდეგანო დანაშაულებრივი ქმედებისთვის. არ ვაპირებთ გაჩუმებას. 1 - არ გვაქვს მასობრივი ტესტირება და შესაბამისად ვირუსი ვრცელდება, 2 - ეკონომიკა გაჩერებულია უკვე ხელოვნურად", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.