logo
ENG



ვაშაძე: ეკლესიის წარმომადგენლებმა ოცნებას თავი არ უნდა გამოაყენებინონ

20 სექ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 
q70l4cgwghlsm9v.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ სასულიერო პირებმა მმართველი გუნდის წევრებს თავის გამოყენების საშუალება არ უნდა მისცენ.

ვაშაძე აცხადებს, რომ ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ნდობის ვარდნა, ქართული ოცნების დამსახურებაა.

"ქართული ოცნების მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, რომ ვითომ მათ ეკლესია და რელიგიური საკითხები აინტერესებთ. ცდილობენ ეკლესია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ვფიქრობ, ეკლესიის წარმომადგენლებმა საკუთარი თავი არ უნდა გამოაყენებინონ ქართულ ოცნებას. ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ნდობის ვარდნა, ქართული ოცნების დამსახურებაა. ეს საეკლესიო პირებმა კარგად უნდა დაინახონ. აქ მთავარი პრობლემა ქართული ოცნების მხრიდან ფარისევლობაა", - აღნიშნავს ვაშაძე.

ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მათ შორის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ბაგრატის ტაძართან ქართული ოცნების პარტიული ღონისძიების შემდეგ, წყალტუბოში ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენასაც დაესწრო. როგორც ამბობს, ამჯერად წყალტუბოს პარტიულ ღონისძიებაზე მიაგო ხელისუფლების წარმომადგენლებს პატივი. 

მღვდელმთავრების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შესახებ არაფერს ამბობენ საპატრიარქოში. მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია. 

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება, ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების კანდიდატის წარდგენის ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრება მათ არჩევნების ჩარევას არ ნიშნავს.


close დახურვა