logo
ENG



თალაკვაძე: "ოცნების" ღონისძიებების მოწვევა, სხვა პირებთან ერთად, სასულიერო პირებსაც აქვთ

20 სექ 202012:16
3 წუთის საკითხავი
clock 1074

პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების კანდიდატის წარდგენის ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრება მათ არჩევნების ჩარევას არ ნიშნავს.

თალაკვაძის თქმით, კანდიდატების წარდგენაზე ქართული ოცნება სასულიერო პირებს ისე იწვევს, როგორც სხვა მოქალაქეებს, მღვდელმთავრების დისკრედიტაციას კი ტელევიზიები ცდილობენ.

"სიმართლე არის ის, რომ რამდენიმე ტელევიზია, მათ შორის თქვენი ტელევიზია, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობს, რომ მოხდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და ამ ყველაფერს თქვენ ხალხს აწვდით იმ კონტექსტში, რომ თითქოს ეკლესია ჩართულია საარჩევნო პროცესში.

სიმართლე არის ის, რომ სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა ადამიანები, პედაგოგები, ექიმები, ვინც ჩვენ შეხვედრებს ესწრებიან, არიან ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წევრები და როდესაც ჩვენ ვიწვევთ საზოგადოებას, სადაც ჩავდივართ, რასაკვირველია, ეს მოწვევა აქვთ სასულიერო პირებსაც". - განაცხადა თალაკვაძემ.

ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება, ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.


close დახურვა