logo
ENG



ვაშაძე: ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს

20 ნოე 202018:03
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/20/zz3n0slfv0e84pc.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან და ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის მერე განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ უცვლელია და ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ვაშაძის თქმით, ფასილიტატორები ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

"ჩვენ ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები. ქართული ოცნებისგან ველოდები კომპრომისულ წინადადებას იმისათვის, რომ 2021 წელი, ყველა თვალსაზრისით, ძალიან სახიფათო იქნება - გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ სოციალური და გნებავთ საგარეო პოლიტიკის კუთხით. რაც უფრო მალე მოვნახავთ ქართველები ერთმანეთში კომპრომისს, მოვილაპარაკებთ იმაზე, რაც დააკმაყოფილებს საქართველოს, მით უკეთესი. ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს", - აცხადებს ვაშაძე.

დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან.

ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 

 


close დახურვა