სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორის, ლევან ცუცქირიძის ინიციატივას, რომ ქართველმა ემიგრანტებმა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონული ფორმით შეძლონ.
ვაშაძე ეთანხმება ინიციატივას და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ემიგრანტების ხმები არ დაიკარგოს.
"ვფიქრობ, რომ ეს არის ინიციატივა, სადაც აბსოლუტურად ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩვენს ემიგრანტებთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებაში და დავარეგისტრიროთ კანონი, ჩავატაროთ განხილვები, დისკუსიები, თუ როგორ მიეცეს ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ელექტრონული წესით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მივმართოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათი მეშვეობით შეიქმნას ის ელექტრონული სისტემა, რომელიც იქნება დაცული, უსაფრთხო და ონლაინში ექნებათ შესაძლებლობა ემიგრანტებს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა"- ამბობს ვაშაძე.
ის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ამ ინიციატივის გარშემო გაერთიანდნენ.
"მილიონზე მეტია ჩვენი თანამემამულე სხვადასხვა ქვეყანაში და მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მივმართავ საზოგადოებას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის გარშემო"- თქვა ვაშაძემ.