logo
ENG



ვაშაძე: ხმა მივეცი ერის გაერთიანებასა და ზიზღის დამთავრებას ამ ქვეყანაში

31 ოქტ 202010:42
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მან ხმა ერის გაერთიანებასა და ქვეყანაში ზიზღის დამთავრებას მისცა.

მისივე თქმით, 2020 წლის პარლამენტი მრავალპარტიული, განსხვავებული და ძნელად სამართავი იქნება, რაც მისი შეფასებით, კარგია, რადგან "პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, სადაც ქვეყნის ეროვნული მმართველი იმ კანონპროექტს ურახუნებს, რომელიც მას მოსწონს".

"ხმა მივეცი ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას ამ ქვეყანაში. იმას, რომ მოსახლეობის 520% აღარ იყოს შიდა ემიგრაციაში და არ თვლიდეს ხელისუფლებას და სახელმწიფოს, არათავისიანად. იმას მივეცი ხმა, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობა და კომპრომისი სჭირდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც ახლაც გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება 2024 წელს. რაც შეეხება მეორე ტურს, გამოთქმაა ასეთი "ეგ რომ ვიცოდი ნიუ-იორკში ვიცხოვრებდიო", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა