logo
ENG



ვაშაძე სააკაშვილზე: პასუხისმგებელია ექიმიც, მოსამართლეც - მოგმართავთ, გამოფხიზლდით

30 იან 202311:41
3 წუთის საკითხავი
 

"პოლიტიკური დავალების შესრულების გამო, ნუ გგონიათ, პასუხისმგებლობას აირიდებთ" - ასე მიმართავს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ექიმებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, ვინც ჩართულია პროცესში.

ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ "ეს არაადამიანური მოპყრობა არ უნდა გადაიზარდოს ხიბლში" და მოუწოდებს, "გონს მოეგონ, გამოვიდნენ ილუზორული სამყაროდან, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ".

"სიტუაცია არის ძალიან მძიმე და სამწუხაროდ, რასაც ვამბობდით, ფაქტობრივად, ტყვიის გარეშე მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის პროცესს აქვს ადგილი. მთავარი არის, რომ მე მგონი, ყველა სპეკულაცია, ცუდად არის თუ არ არის, დამთავრებულია, 68 კილოგრამია ადამიანი. მისი მკურნალი ექიმიც, გუშინ ცალსახად, ღიად ამბობდა, რომ უმძიმესია ვითარება, მაგრამ მეორე ნაწილი, ოჯახს მიმართავს, რომ აჭამონ საჭმელი. ეს მე მგონი, მსოფლიოს არც ერთ წერტილში, ექიმების მხრიდან, ასეთი არაადამიანური მოპყრობა არ ხდება. მეც ექიმების ოჯახში ვარ გაზრდილი და ყველა ექიმს მინდა ვთხოვო შემდეგი რამ, ჩემო კარგებო, პოლიტიკური დავალებების შესრულების გამო, ნუ გგონიათ, რომ პასუხისმგებლობას აირიდებთ და ხვალ და ზეგ რომ რაღაც მოხდეს, ვინმე იტყვის, იცი რა? რა უნდა ექნა ამ ექიმს, როცა პოლიტიკურ დავალებას ასრულდება. პასუხისმგებელია ექიმიც, მოსამართლეც, პროკურორიც, ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია ამ პროცესში და არ ეგონოთ, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე იქნებიან პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს ხდება. მითუმეტეს, ამას ღიად და მკაფიოდ აცხადებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, ამიტომ ყველას მივმართავ, გამოფხიზლდით, ეს არაადამიანური მოპყრობა არ უნდა გადაიზარდოს ხიბლში. ზოგი ხიბლშია შესული, ტელევიზორში იპრანჭებიან, ადამიანი საქართველოს პრეზიდენტი იყო და მისი გარდაცვალება პირდაპირ კავშირში არის საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ ვეუბნები, გონს მოეგეთ და გამოდით ამ ილუზორული სამყაროდან, რომელიც შეგიქმნათ ქართულმა ოცნებამ. მკვლელობა არავის არ შერჩება", - ამბობს ვაშაძე. 


close დახურვა