logo
ENG



ვაშაძე ფრონტერას წერილზე:როგორც ჩანს, გაზი არის, მაგრამ მისი მოპოვება უნდა რუსულ კომპანიას

04 ივნ 202012:47
3 წუთის საკითხავი
clock 581
r4mn0fvgniwkbj4.jpg

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამერიკულ კომპანიებს ებრძვის, რაც ქვეყნის იმიჯისათვის დამაზიანებელია.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ამ ყველაფრის გამო დასავლელ პარტნიორებს შორის იმატებს განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები უნდა დაუწესდეს.

„უფრო დიდი პრობლემაა, ოღონდ საქართველოსთვის და არა მთავრობისთვის, ვიდრე ერთი კომპანიის წუხილი. საქართველოზე თუ იქმნება იმიჯი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ებრძვის დასავლელი პარტნიორების ინვესტორებს, თუ ეს არის ქვეყანა, რომელიც პრობლემებს უქმნის დიდ კომპანიების, ბუნებრივია, ამას ექნება ნეგატიური ასახვა დასავლეთის მხრიდან ჩვენს ურთიერთობებზე და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს უკვე. ერთ-ერთი ცუდი მაგალითი არის ის, რომ კონგრესმენთა რაოდენობა, რომლებიც უერთდებიან სანქციების ე.წ. კანონპროექტს, იზრდება პრაქტიკულად ყოველდღე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამერიკულ ინვესტიციებზე უარის თქმა დაუშვებელია. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა ბუნებრივი აირის მოპოვებასთან დაკავშირებით ინტერესი რუსულ კომპანიას აქვს და ხელისუფლება სწორედ მას უწევს ანგარიშს.

„მე ამ საკითხს ჩვენს გუნდთან ერთად ძალიან სიღრმისეულად ვსწავლობ და ვხედავ ერთ რამეს - საქართველომ არ შეიძლება უთხრას ამერიკულ ინვესტიციებს უარი. მეორე - ასობით მილიონი აქვს დახარჯული საქართველოში „ფრონტერას“, რომელიც ათასობით ათას ადამიანს ასაქმებდა და უამრავ შემოსავალს ქმნიდა ქართულ ოჯახებში. მესამე - თუ ვინმე ამტკიცებს, რომ გაზის მარაგი რეალურად არ არის და ამიტომ უნდა შეწყდეს ეს, საერთოდ აბსურდი მგონია. კომპანია ფულს ხარჯავს საქართველოში, კვლევა-ძიების სამუშაოებში კაპიკი არ იხარჯება ბიუჯეტიდან, შედის გადასახადები ბიუჯეტში, საქმდებიან საქართველოს მოქალაქეები და რაც ყველაზე საგანგაშოა, დასკვნა შეიძლება ერთი რამ გავაკეთოთ, როგორც ჩანს გაზი ნამდვილად არის, მაგრამ ამ გაზის მოპოვება უნდა რუსულ კომპანიას, რომლისთვისაც მთავარი იარაღი არის გაზი, როგორც საქართველოსთან ასევე მთლიანად რეგიონში ბრძოლისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, კომპანია „ფრონტერა" საქართველოს მთავრობას სასამართლო განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგანგებო წერილში წერია, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზეა გამოგზავნილი. „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის უკანონო შეწყვეტის ფაქტს უსვამს ხაზს.  წერილში ასევე საუბარია კანონის უზენაესობისადმი უპატივცემულობასა და საქართველოში ამერიკული კერძო სექტორისთვის არასახარბიელო საინვესტიციო კლიმატის არსებობაზე. 


close დახურვა