logo
ENG



ვაშაძე 40%-იან ბარიერზე: ქართული ოცნებისგან ეს ჩვეულებრივი ციფრების თამაშია

01 მარ 202022:19
3 წუთის საკითხავი
 

 

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემაში, „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არაფორმალურ შეხვედრებზე და მმართველი გუნდის შეთავაზებებზე ისაუბრა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან ახალი რეალური შეთავაზებები არ აქვს.

„დღეს მე არაფერი ახალი არ მომისმენია. გავიგეთ რა, რომ "ქართული ოცნება" არის ძალიან მძიმე ვითარებაში. ის ძალიან დიდ წნეხს განიცდის, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარედან. მას სჭირდება გამოსავლის მოძიება ამ სიტუაციაში და ცდილობს, რომ მოგვატყუოს, შეცდომაში შეგვიყვანოს, გვითხრას, რომ 110/40-ზე ეს 40%-იანი ბუნებრივი ბარიერია. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის როლი არის, რომ სიმართლე ვუთხრა ხალხს, მე ვერ მოვატყუებინებ თავს და არ მოვატყუებ ჩვენს ამომრჩეველს. ეს არის ჩვეულებრივი ციფრების თამაში, რომელსაც ადგილი აქვს "ქართული ოცნების" მხრიდან“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა. შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ გარკვეული ინიციატივები წარადგინეს, რომლებზეც შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, თუმცა ისინი "ქართული ოცნების" ინიციატივას არ იზიარებენ.

 

 


close დახურვა