ვენეციის კომისია პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოებზე ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ მყისიერ მოსაზრებას აქვეყნებს, კომისიის დასკვნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კანონში უკვე შეტანილი ცვლილებების შესაფასებლად მოითხოვა.
კომისიის მოსაზრებაში ვკითხულობთ, რომ წინა რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად, დარჩენილია რამდენიმე საკვანძო რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა კვლავ უნდა გაითვალისწინოს.
"ვენეციის კომისია მიესალმება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს საერთო სასამართლოებზე ორგანული კანონის შესახებ ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებებს.
მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ხელახლა უნდა იქნას განხილული. ამასთან მიმართებით, ვენეციის კომისია გასცემს შემდგომ საკვანძო რეკომენდაციებს:
1. განხილულ იქნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის;
2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა, სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ გამოსცემს გადაწყვეტილებას;
3. კანდიდატთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, შერჩევის პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს", - ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 1 აპრილს ერთხმად მიიღო, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის პარალელურად. ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში ცვლილებებსაც ითვალისწინებს.