ვენეციის კომისია აქვეყნებს დასკვნას "ქართული ოცნების" მხრიდან პარტიების აკრძალვის თემაზე.
კომისია კანონმდებლობას უარყოფითად აფასებს და სრულიად შეუსაბამოდ მიიჩნია მისი მიღება.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიების აკრძალვასთან და ასაკრძალ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული და გაუმართლებელია, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და პლურალიზმის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს.
კომისიის შეფასებით, კანონმდებლობა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით მიიღეს, შესაძლოა, თავად უქმნიდეს კონსტიტუციას სერიოზულ საფრთხეს.
"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ თავისუფლებებს არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს და, კერძოდ, ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას", - ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დასკვნის მომზადების პროცესში მასთან თანამშრომლობა არ ისურვა, მიუხედავად ამისა, კომისია აცხადებს, რომ დიალოგისთვის კვლავ მზადაა და ამ საკითხზე შემდგომი დახმარების გაწევას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც სთავაზობს.
"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონ ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ შეაფასა 2025 წლის 16 ოქტომბერს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები კიდევ უფრო ავითარებს ურთიერთდაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვასა და ამ აკრძალვიდან გამომდინარე შედეგებს არეგულირებს როგორც თავად პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე იმ პირებისთვის, რომლებიც ასეთ პარტიებთან „დაკავშირებულად“ მიიჩნევიან.
ცვლილებები ამ პირებს მნიშვნელოვან და მკაცრ შეზღუდვებს უწესებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფუძნების, მათში გაწევრიანებისა და მათი ხელმძღვანელობის, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის, საარჩევნო მანდატების შენარჩუნების, საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობების დაკავებისა და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობებს.
ამავდროულად, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ამ სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ შეასრულებენ ან მათი აღსრულებისთვის ხელის შეშლას შეეცდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული სანქციები, მათ შორის, გარკვეული სანქციები იმ პარტიის წევრების მიმართ, რომლებიც დემოკრატიულ სისტემას საფრთხეს უქმნიან, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ გარემოებებში - კერძოდ, როდესაც დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვის აუცილებლობა აქვს - ამისთვის აუცილებელია ლეგიტიმური მიზნების მკაცრად დაცვა და პროპორციულობის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ 2025 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო პაკეტის მიღება ასეთი აუცილებლობით იყო განპირობებული.
დაშლილ პოლიტიკურ პარტიებთან „დაკავშირებული“ პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს აკლია სამართლებრივი განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა, რადგან ისეთი ძირითადი ცნებები, რომლებიც შეზღუდვების ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს, მათ შორის, აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან პირის „კავშირი“, ზედმეტად ფართო და არაზუსტი ფორმულირებებით არის განსაზღვრული. ეს ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს.
აღნიშნული კანონმდებლობა სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს პირებს გაერთიანების თავისუფლებისა და საარჩევნო უფლებების განხორციელების თვალსაზრისით. ეს შეზღუდვები პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შედეგად ამოქმედდება ისე, რომ არ არის უზრუნველყოფილი პირის კონკრეტული ქცევის, პასუხისმგებლობისა და განზრახვის ინდივიდუალური და რეალური შეფასება. შედეგად, ჩნდება შეშფოთება პირის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მხოლოდ მისი რომელიმე ჯგუფთან ან ორგანიზაციასთან კავშირის საფუძველზე.
დამატებით პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვების ერთობლივი სიმკაცრე და არაპროპორციულობა. პოლიტიკური პარტიებიდან გარიცხვის, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის აკრძალვის, საჯარო თანამდებობებიდან ჩამოშორებისა და წარმომადგენლობითი მანდატების შეწყვეტის ერთობლივი შედეგი პოლიტიკურ უფლებებს არსებითად აზიანებს. ამასთან, შეზღუდვებს არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული დროითი ფარგლები და არ არსებობს მათი ეფექტიანი გადახედვის მექანიზმები", - აღნიშნავს ვენეციის კომისია.
კომისიის დასკვნით, აღნიშნული ზომები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს, რადგან კანდიდატების მოხსნამ ან მანდატების შეწყვეტამ - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საარჩევნო პერიოდში დაჩქარებული პროცედურებით ხდება - შესაძლოა საარჩევნო კონკურენცია დაამახინჯოს და ამომრჩეველს არჩევანის თავისუფლება შეუზღუდოს.
