ვერაზე 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გაიმართა, რის შემდეგაც ის იმავე დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაჭრილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ნიკა კაპანაძე მომხდარიდან მალევე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა შელაპარაკება ბრალდებულის დედასა და ახალგაზრდებს შორის, რომლებიც მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაიჭრა ტაქსიში მყოფი ერთი პირიც.
