logo
ENG



ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს მოზარდთან არასწორ კომუნიკაციას - ჩოლოიანის პროცესები იწყება

12 თებ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესები დღეიდან იწყება. სხდომა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე, ასევე ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ. 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჩოლოიანის მიერ ჩადენილ დანაშაულს. როგორც რევაზ აჭარძე ამბობს, ვიდეომტკიცებულებებში კარგად ჩანს, რომ პოლიციელები და მარიანა ჩოლოიანი არასწორ  კომუნიკაციას ამყარებდნენ არასრულწლოვანთან.

„მასალებში არის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ განყოფილებაში განხორციელდა სხვადასხვა სახის დანაშაული. არსებობს ვიდეომასალები, მაგალითად არასრულწლოვანთან დაპირისპირება და მარიანა ჩოლოიანის მაგიდასთან პოლიციელების ვიდეოები, რომლებიც არასწორად ამყარებდნენ არასრულწლოვანთან კომუნიკაციას", - აცხადებს რევაზ აჭარაძე.

საია-ს წარმომადგენლის მოსაზრებას პროკურორი ლევან ქუთათელაძე ადასტურებს და ამბობს, რომ ვიდეომტკიცებულებები მიუთითებენ ჩოლოიანის ბრალეულობაზე.

„არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს რომ მარიანა ჩოლოიანის მიერ იქნა ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეპიზოდები, კერძოდ ჩვენების მიცემის იძულება, მოიპოვება დაზარალებულისა და ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებები - ისინი ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ ჩოლოიანის ბრალეულობას", - აცხადებს პროკურორი.

ჩოლოიანის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მტკიცებულებებს ჩოლოიანის ბრალეულობს არ ადასტურებს. 

„მტკიცებულებებს  სასამართლო გამოიკვლევს, თუ არსებით განხილვაზე გადაეცემა საქმე. ვიდეოფაილი არ ადასტურებს, რომ ვინმე ვინმეზე ზეწოლას ახორციელებს - ფაილში არ ისმის საუბარი და მასზე დაყრდნობა არაა საკმარისი",  - ამბობს არჩილ შაბაშვილი.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძემ დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. 2019 წლის 17 დეკემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და გამოავლინა დაკითხვის დროს არსებული ხარვეზები, რის შემდეგაც გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


close დახურვა