logo
ENG



ვითხოვ საქმეში FBI-ის ჩართულობას - ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ აქციას გამართავს

03 აგვ 202021:12
3 წუთის საკითხავი
clock 5441

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას გამართავს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა. 

როგორც თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, აქციაზე მთავარი მოთხოვნა საქმეში FBI-ის ჩართვა იქნება. მან საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ და აქციაში მონაწილეობა მიიღონ, რათა, მისი თქმით, მსოფლიომ მისი შვილის საქმის შესახებ გაიგოს.  

"ხვალ 12:00 საათზე ვგეგმავ ფართომასშტაბიან აქციას ამერიკის საელჩოს წინ. მთელ საქართველოს მივმართავ - დადგა ის მომენტი როცა თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით, მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს. მივმართავ შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ - ვითხოვ, რომ FBI იყოს ჩართული. თუ ეს ჩართულობა არ ენდომებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ მალავენ რაღაცას", - ამბობს თამაზაშვილი. 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან მოთხოვნილ შეხვედრას, ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. 

"არანაირი სიგნალი არ მიმიღია ბატონი გახარიასგან. ალბათ არ ჩათვალა საჭიროდ შვილმკვდარ დედასთან შეხვედრა. საპატრიარქოში, რომ ვიყავი სიმშვიდე ვიგრძენი. წესის აგების უფლებაც მომცეს, რასაც მე ამდენი ხანი განვიცდიდი, რომ ჩემ შვილს თვითმკვლელობის იარლიყს მიაკერებდნენ. საპატრიარქომ ეს იარლიყი მოხსნა. ვუთხარით, რომ გამოძიება არაფერს აკეთებს ან თუ აკეთებს, არაფერს გვაგებინებს", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა და პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდა. პატრიარქმა ოჯახს ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე კურთხევა მისცა

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. 


close დახურვა