logo
ENG



ვინ არიან პუტინის ქალიშვილები

07 აპრ 202213:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/07/edrqfmxl4y3qfe7.png

აშშ-მ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ზრდასრულ შვილებს სანქციები დაუწესა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პუტინი თავის აქტივებს, სწორედ შვილებთან მალავს - როგორც ამას რუსული ელიტის ბევრი წარმომადგენელი აკეთებს.

თუმცა ვინ არიან პუტინის ქალიშვილები? ამის შესახებ ბევრი კითხვა დაისვა, რაზეც BBC-მ სტატია მოამზადა.

როდესაც საუბარი ოჯახს შეეხება, პუტინი ყოველთვის თავს არიდებს კითხვებს და პირდაპირ პასუხს არ სცემს. საერთო ფოტოც შვილებთან ერთად პუტინმა წლების წინ გამოაქვეყნა.

2015 წელს ერთ-ერთი დიდი პრესკონფერენციის დროს მან აირიდა კითხვა თავისი ქალიშვილების ვინაობის შესახებ.

"ჩემი ქალიშვილები ცხოვრობენ და სწავლობენ რუსეთში, მე მათი ვამაყობ. ისინი თავისუფლად საუბრობენ სამ ენაზე. ჩემს ოჯახს არასდროს არავისთან არ განვიხილავ", - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი თავის შვილებს არ ასახელებს, აშშ-ს სანქციები 36 წლის მარია ვორონცოვასა და 35 წლის კატერინა ტიხონოვას შეეხოთ.

"გვჯერა, რომ პუტინის ბევრი აქტივი ოჯახის წევრებთან არის დამალული, ამიტომაც ვუმიზნებთ მათ", - თქვა აშშ-ს მაღალჩინოსანმა.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ოჯახის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, დოკუმენტები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, რომ ზოგადი პორტრეტი შეიქმნას.

ვორონცოვა და ტიხონოვა პუტინისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილას შვილები არიან. წყვილი 1983 წელს დაქორწინდა, როდესაც ლუდმილად ბორტგამცილებელი, ხოლო პუტინი KGB-ს აგენტი იყო. მათი ქორწინება ოფიციალურად 30 წელს გაგრძელდა.

პუტინმა მაშინ თქვა, რომ 2013 წელს განქორწინება მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო: "ჩვენ თითქმის ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ცხოვრება აქვს".

პუტინი ამტკიცებს, რომ მისი შვილები ბიზნესითა და პოლიტიკით არ არიან დაკავებულნი, თუმცა ჟურნალისტური გამოძიებები საპირისპიროს ამბობენ და შვილების ბიზნესწილებზე მიუთითებენ.

უფროსი შვილი მარია ვორონცოვა 1985 წელს დაიბადა. სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ბიოლოგია, ხოლო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინა ისწავლა.

ვორონცოვა ახლა აკადემიკოსია, რომელიც ენდოკრინოლოგიის კუთხით მუშაობს. გარდა ამისა, ის ბიზნესითაც არის დაკავებული. როგორც BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაარკვია, მარია ვორონცოვა არის კომპანია Nomeco-ს თანამფლობელი, რომელიც ჩართულია რუსეთის ჯანდაცვის სფეროში უმსხვილესი კერძო საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში.

როგორც მედიაში წერენ, ვორონცოვა ჰოლანდიელ ბიზნესმენზე იორი იოსტ ფასენზე დაქორწინდა, რომელიც წარსულში გაზპრომში მუშაობდა. თუმცა გამოცემა Follow The Money დაუკავშირდა ფასენს, რომელმაც უარყო ვორონცოვასთან ქორწინება.

პუტინის უმცროსი შვილი, დისგან განსხვავებით, უფრო ხშირად ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით როკ-ენ-როლის ცეკვისადმი მისი სიყვარულის გამო. 2013 წელს მან და მისმა პარტნიორმა საერთაშორისო ღონისძიებაზე მეხუთე ადგილი დაიკავეს.

როგორც ცნობილია, ამავე წელს ის დაქორწინდა კირილ შამალოვზე, რომელიც პუტინის დიდი ხნის მეგობრის შვილია. მათი ქორწილი სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე ექსკლუზიურ სათხილამურო კურორტზე გაიმართა.

2018 წელს შამალოვს აშშ-მ სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ სფეროში მისი როლის გამო. აშშ-ში აცხადებდნენ, რომ ქორწინების შემდეგ მისი ქონება მკვეთრად გაუმჯობესდა. ცნობილია, რომ წყვილი განქორწინებულია.

ამჟამად ტიხონოვა მეცნიერებითა და ბიზნესით არის დაკავებული. ის ეროვნული ინტელექტუალური განვითარების ფონდის დირექტორია.

ტიხონოვა, როგორც პუტინის შვილი, ნახსენები იყო აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 6 აპრილის პრესრელიზში. თუმცა თვითონ პუტინს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია მასთან კავშირი.

2018 წელს სახელმწიფო მედიების ეთერში მან ნეიროტექნოლოგიებზე ისაუბრა, ხოლო 2021 წელს ბიზნესფორუმზეც გამოჩნდა. არც ერთ შემთხვევაში არ იყო აღნიშნული მისი კავშირი პუტინთან.

როგორც ამბობენ, არც ერთი შვილი პუტინთან დიდი დროს არ ატარებს.

ცნობილია, რომ პუტინს ჰყავს შვილიშვილები. მან ისინი 2017 წლის ტელემარათონის დროს ახსენა, თუმცა დეტალებზე აქაც არ უსაუბრია.

"რაც შეეხებათ ჩემს შვილიშვილებს, ერთ-ერთი მათგანი უკვე ბაღშია. გთხოვთ, გამიგოთ, არ მსურს, ისინი გაიზარდონ, როგორც სამეფო პრინცები. მინდა, რომ ნორმალურ ადამიანებად გაიზარდონ", - თქვა პუტინმა.


close დახურვა